იაპონიის ელჩი - იაპონია სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებებს
იაპონიის ელჩი - იაპონია სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებებს

იაპონია სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ გუგუტიანთკარაში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ არის გაყოფილი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება ახალი მავთულხლართებით.

„მე შეშფოთებული ვარ შექმნილი სიტუაციით. იაპონია სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილებებს. ვიმედოვნებ, რომ ეს დამანგრეველი სიტუაცია შეიცვლება რაც შეიძლება მალე. ოჯახების დაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა ადამიანებისთვის. სრულად მესმის მათი და მსურს ოჯახსებისადმი ჩემი თანაგრძნობა გამოვთქვა“, – აღნიშნა ელჩმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.