იაპონიის ელჩი დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრენილ იაპონიის მოქალაქეებს აეროპორტში დახვდა [ვიდეო]

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დოჰა თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც საქართველოში იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ.

იაპონიის ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პერიოდში, საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებსაც გაეცნო.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფროსმა ტადაჰარუ უეჰარას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე თერმო სკრინინგის პროცესი გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რასაც საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიცია ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი