იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშას ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, საქართველოს იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

„კონვენცია ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

დატოვე კომენტარი