იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა
იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

გასულ წელს იაპონიაში ქართული ღვინის მოთხოვნაზე 38-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, – ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მაჭავარიანმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ქართული ღვინის პოტენციალი იაპონიაში ძალიან დიდია და მისი პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომელსაც ხვალ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტოკიოში ოფიციალურად გახსნის.

„ორი თვის განმავლობაში იქნება ქართული ღვინის გამოფენა, სადაც იაპონიის მოქალაქეებს ექნებათ სააუალება, გაეცნონ ინფორმაციას, თუ რა არის ქართული ღვინო. დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას შემდგომში ქართული ღვინის უფრო მეტ პოპულარიზაციაზე, მით უმეტეს, იაპონელებს მოსწონთ ქართული ღვინო, ის იაპონურ სამზარეულოს ძალიან მოუხდა“, – განაცხადა არჩილ მაჭავარიანმა.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა ტოკიოში საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება. ღონისძიება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონი მიუზიქ ქომუნიქეიშენისა“ (Sony music communication) და კომპანია „ტოპანის“ (TOPPAN) პარტნიორობით ტარდება.

ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ვიზიტორებს ინტერაქციის შესაძლებლობის მქონე ვიდეოპროექციით შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოიძიონ.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს 7 მაისამდე უმასპინძლებს და ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზატორები ვიზიტორებს არაერთ აქტივობას შესთავაზებენ.