იაპონიაში, საკრუიზო ხომალდის ორი მგზავრი კორონავირუსით გარდაიცვალა
იაპონიაში, საკრუიზო ხომალდის ორი მგზავრი კორონავირუსით გარდაიცვალა

საკრუიზო ხომალდ „დაიამონდ პრინცესის“ ორი მგზავრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს. გარდაცვლილების მოქალაქეობა ამ დროისთვის უცნობია.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მსხვერპლი ქალი და კაცია, რომელთა ასაკი 80 წელს აღემატება. არ საჯაროვდება, თუ როდის მოხდა მათი ხომალდიდან ჰოსპიტალიზაცია.

ეს იაპონიის სანაპიროსთან მდგარ ხომალდზე კორონავირუსით ინფიცირებულ მგზავრებს შორის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო გემზე კორონავირუსის 621 შემთხვევა გამოვლინდა. ხომალდი ორ კვირაზე მეტია, კარანტინშია.

19 თებერვალს ხომალდი პირველმა მგზავრებმა დატოვეს, რომელთაც კორონავირუსი არ გამოუვლინდათ. კერძოდ, ხომალდიდან წასვლის ნება 443 პირს დართეს. როგორც მოსალოდნელია, დღეს ბორტს კიდევ 500-მდე ადამიანი დატოვებს.