იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ჰოკაიდოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქართული ღვინის დეგუსტაციებს Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის საუკეთესო სომელიეთა მე-3 კონკურსის გამარჯვებული მაკოტო აბე უძღვებოდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიაში გამართულ დეგუსტაციებზე პროფესიონალ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინოები: „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2014“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზის „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „საფერავი 2015“ (შალაური).

ქართული ღვინის დეგუსტაციებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ჯამში 130-მდე ადამიანი დაესწრო.

ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინისა და აზიური კერძების შეხამების ვახშამი, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინოები: „რქაწითელი“ (ხოხბის ცრემლები), „ჩინური 2016“ (ლაგვინარი), „მწვანე ქვევრის 2016“ (ქვევრის ღვინის მარანი), „ქისი 2017“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „ოცხანური საფერე 2015“ (ლაგვინარი) და „საფერავი 2016“ (ორგო).

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 79%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.