პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, იაპონიაში „მაიკროსოფტის“ თანამშრომლებს კვირაში სამ დღეს ასვენებდნენ
პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, იაპონიაში „მაიკროსოფტის“ თანამშრომლებს კვირაში სამ დღეს ასვენებდნენ

იაპონიაში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ თანამშრომლები კვირაში სამ დღეს ისვენებდნენ. როგორც მაიკროსოფტის იაპონიის ფილიალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შტატიან თანამშრომლებს დამატებითი დასვენების დღე ერთი თვით დაუნიშნეს და ის ანაზღაურებადი იყო.

ტექნოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლების პროდუქტიულობას ზრდის.

აღნიშნული ზომა კომპანიის 2 280 თანამშრომლიდან 90%-ს შეეხო. ამავე დროს, მათ აუკრძალეს 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის თათბირის ჩატარება და ყველა საკითხის მესენჯერით გადაწყვეტა მოსთხოვეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შედეგად, თანამშრომლების პროდუქტიულობა და გაყიდვები დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.

„იმუშავეთ ცოტა, კარგად დაისვენეთ და ბევრი ისწავლეთ. ადამიანს სჭირდება გარემო, რომელიც მისცემს საშუალებას, ცხოვრებისეული დანიშნულება იგრძნოს და სამსახურში უკეთეს შედეგს მიაღწიოს. მინდა, რომ თანამშრომლებმა მოინდომონ და 20%-ით ნაკლებ თავისუფალ დროშიც, იგივე შედეგები აჩვენონ“, – განაცხადა „მაიკროსოფტის“ იაპონიის ფილიალის პრეზიდენტმა, ტაკუია ხირანომ.

ეს არაორდინალური ფილოსოფიაა იაპონური კორპორაციისთვის. იაპონიაში ტრადიციულად ძალიან ბევრს მუშაობენ და შესაბამისად, სამსახურებრივი სტრესის მაღალი მაჩვენებელია.

2017 წლის კვლევის მიხედვით, იაპონური კომპანიების მეოთხედ ნაწილში თანამშრომლები სამსახურში თვიურ ნორმაზე 80 საათით მეტს ატარებენ. საშუალოდ ერთი იაპონელი წელიწადში 1 713 საათს მუშაობს.

ამის გამო, „მაკროსოფტის“ მიერ დანერგილმა სიახლემ თანამშრომლების მოწონება დაიმსახურა. ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების შემდეგ, ოფისში ელექტროენერგიის ხარჯი 23%-ით, ხოლო ქაღალდის 59%-ით შემცირდა.

„მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ ექსპერიმენტის გამეორებას ზამთარშიც აპირებენ.