იაპონიაში აცხადებენ, რომ იაპონიის პრემიერის შესახებ ჩინეთის გენერალური კონსულის განცხადება უკიდურესად შეუფერებელია
იაპონიაში აცხადებენ, რომ ჩინეთის გენერალური კონსულის მიერ იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული კომენტარი „უკიდურესად შეუფერებელია“.
„როიტერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა ოსაკაში, სიუე ჯიანმა სოციალურ ქსელ X-ზე იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა, რომელიც მალევე წაშალა.
„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მოვკვეთოთ ის ბინძური კისერი, რომელიც დაუფიქრებლად დაგვესხა თავს“, – დაწერა სიუე ჯიანმა X-ზე.
პოსტში სიუემ გაავრცელა სტატია, რომელშიც მოხსენიებული იყო ტაკაიჩის კომენტარები, როგორ შეუძლია, იაპონიამ უპასუხოს ჩინეთის თავდასხმას ტაივანზე.
იაპონიის მთავარი კაბინეტის მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ პოსტი „უკიდურესად შეუფერებელი“ იყო. კიჰარას თქმით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩინეთში იაპონიის საელჩომ პეკინს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს და პოსტის წაშლა მოითხოვეს.
რეპორტიორის კითხვაზე, გააძევებდა თუ არა იაპონია ელჩს, კიჰარამ უპასუხა, რომ სიუემ „მრავალი შეუფერებელი განცხადება“ გააკეთა და იაპონიამ არაერთხელ მიმართა პეკინს შესაბამისი ზომების მისაღებად.