იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს
იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს

იაპონიაში 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. მემორიალური ღონისძიება იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ტრადიციულად, წუთიერი დუმილით სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას იაპონიის ადგილობრივი დროით 14:46 წუთზე მიაგეს. ცხრა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი ათი წლის წინ სწორედ ამ დროს დაფიქსირდა.

მემორიალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა და იმპერატორი ნარუჰიტო. აღსანიშნავია, იაპონიის იმპერატორი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე.

2011 წელს ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიაში 18,4 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. კიდევ 3,7 ათასი ადამიანი სტიქიის შედეგად მიღებული ტრავმებითა და განვითარებული დაავადებებით მომდევნო წლებში დაიღუპა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური. ავარიის შედეგების აღმოფხვრას იაპონია დღემდე აგრძელებს.