იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს
იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს

იაპონიას ტროპიკული შტორმი „ლანი“ დაატყდა თავს. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ათობით ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კიოტოში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო ასევე ზიანი მიადგა კანსაის, შიკოკუსა და ჩუგოკუს რეგიონებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დღეს მოსალოდნელია შტორმი.

სტიქიის გამო ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოსალოდნელი მეწყრისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. ათ პრეფექტურაში მოქალაქეთა ევაკუაციის განკარგულება გასცეს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები. შტორმის გამო უკვე გაუქმდა 800-ზე მეტი შიდა ფრენა.