იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება
იაპონიას ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება

იაპონიას უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. სტიქია კუნძულებისკენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევს და ტოკიოსა და მის შემოგარენს სავარაუდოდ შაბათისთვის დაატყდება თავს. სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.

მეტეოროლოგები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1269 ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება დაავალა. ავიაკომპანიებმა უკვე გააუქმეს შაბათს და კვირას დანიშნული 800-ზე მეტი რეისი. მიმოსვლას აჩერებენ  სარკინიგზო და საზღვაო კომპანიებიც. უქმეებზე სასწავლო პროცესი შეწყდება საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.