იაპ სტამს „დინამოსთან“ „ფეიენოორდი“ მოეწონა - ასეთი თამაში არ გამკვირვებია
როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი იაპ სტამი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამოსთან“მოგებითაც (4:0) კმაყოფილია და გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხითაც.
„ბოლო დროინდელი უფერული გამოსვლებისა და იმედგაცრუების შემდეგ, ვფიქრობ, დღეს მშვენიერი ფეხბურთი ვაჩვენეთ. „დინამოსთან“ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ბევრიც გავიტანეთ. დღეს გუნდი საკუთარ სიმაღლეზე დადგა და სისულელეები არ ჩაგვიდენია“, – ამბობს იაპ სტამი.
როტერდამელთა მთავარი მწვრთნელი არ დაეთანხმა აზრს, რომ „დინამო“ ძალიან სუსტი იყო და „ფეიენოორდი“ კარგად ამიტომ გამოჩნდა. „თუ შანსს მისცემთ, „დინამო“ ძალიან საშიში გუნდია, რადგან მათ მრავალი საინტერესო მოთამაშე ჰყავთ. ჩვენ უბრალოდ მათ ამჯერად შანსი არ მივეცით, სივრცეები შევუზღუდეთ და დიდ ზეწოლას ვახდენდით. ასეთი თამაში მომწონს და ჩემი გუნდისგან არ გამკვირვებია“, – აღნიშნა სტამმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“ თბილისში, „დინამო-არენაზე“ 15 აგვისტოს უმასპინძლებს. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება – ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად „დინამოს“ ხუთი დღე აქვს.