იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,9 პროცენტით გაიზარდა
იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305 939 შეადგინა, რაც 17 061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

შესაბამისად, ზრდამ 5,9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაცია ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5%, ჩეხეთი +96%, ესპანეთი +65.1%, ლატვია +63.5%, გერმანია +46.6%, ლიეტუვა +40.8% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 498 მილიონი დოლარით, ანუ 18.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.