იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 2.3 პროცენტით შემცირდა
იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.7 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 2.3 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 504.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი ვაჭრობიდან ექსპორტი 3 381.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემებზე 11.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 8 122.6 მლნ. აშშ დოლარს  – 2.3 პროცენტით ნაკლები.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში, 4 741.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 2 112.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამეზე – ფეროშენადნობები.

ამასთან, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები, მესამეს – სპილენძის მადნები და კონცენტრანტები.