იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი
იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი, თურქეთი

2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა, – საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 168.4 მილიონი აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 167.4 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 157.1 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 478.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 336.9 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი – 274.7 მილიონი აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 205.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.8 პროცენტით ნაკლებია.