იანოშ ჰერმანი - საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რაც ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას გულისხმობს
იანოშ ჰერმანი - საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რაც ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას გულისხმობს

ევროკავშირი სულ უფრო აქტიური ხდება უსაფრთხოების სფეროში, რაც აისახა ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიასა და სამეზობლო პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პარლამენტში პროექტის  – „ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობაში“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სფეროში აქტიურობა კომპლექსური პროცესია, რაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს.

„ევროკავშირი უფრო აქტიური გახდება უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებაში, კონფლიქტების პრევენციასა და მათ დარეგულირებაში, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოითხოვს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების კოორდინირებულ ძალისხმევას. ვიცით, რომ ეს რთული ამოცანაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული კონტროლის გაგრძელების უზრუნველყოფა. ამიტომ უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ გაგრძელდეს ინსტიტუტების შესაძლებლობების, მათი განვითარებისა და გაფართოების გაძლიერება”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან ერთად საკმაოდ ბევრი გააკეთა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი რესურსებით. ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ჩვენ ვაფასებთ რეფორმის ფარგლებში ამ დროისთვის მიღწეულ შედეგებს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარლამენტის როლი და რამდენად აქტიური გახდა პარლამენტი ამ რეფორმის მხარდაჭერაში. მინდა, მადლობა გამოვთქვა ამ პროცესში პარლამენტის მზარდი როლისთვის და პერსონალურად მადლობა გადავუხადო პარლამენტის სპიკერს, რომელიც ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა გახდა”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ძალისხმევის, საქართველოს პროგრესისა და პარლამენტის როლის გაძლიერების ტენდენციების გათვალისწინებით, ძალიან დროულია პროექტის დაწყება, რომელიც პარლამენტის შესაძლებლობების განვითარებას უჭერს მხარს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ახალი, მნიშვნელოვანი ინიციატივისა და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს წარმატების ნიშანი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პარლამენტის კომიტეტების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა, პარლამენტის წევრების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად პარლამენტი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს, რაც ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას გულისხმობს, ასევე შეიცვალა პარლამენტის პროცედურული წესები. ვფიქრობ, შესაძლებლობების განვითარების ძალისხმევა პარლამენტში მიმდინარე პროცესების ტენდენციის შესაბამისობაშია, ასევე ის შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას”, – აღნიშნა ჰერმანმა.