საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრაქტიკულ ნაწილში ევროკავშირიც ჩაერთვება.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა პირველი არხის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი პროექტის საპარლამენტო განხილვებია, რომლის შემდეგაც ევროკავშირი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერ მიმდინარე პროექტებს გადახედავს და შესაბამისად ჩაერთვება სამშვიდობო ინიციატივაში.
ჰერმანმა დღეს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოიწონა და მას მხარი დაუჭირა.
„ინიციატივა მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ევროკავშირი მზადაა, პროექტის განხორციელებას დაუჭიროს მხარი, მათ შორის პრაქტიკული ნაბიჯებით. ასევე ველოდებით პროექტის საპარლამენტო განხილვებსაც, რომელიც როგორც ვხვდები, მალე დაიწყება. ევროკავშირს აქვს მიმდინარე პროექტების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც მოწყვეტილ რეგიონებში და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურება. ეს არის ჩვენი არაღიარების პოლიტიკისა და ჩართულობის ნაწილი. ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და ვნახავთ, რა შედეგები ექნება მას თანამშრომლობის ჩვენივე პროგრამებში. წლების განმავლობაში ევროკავშირმა ათობით მილიონი ევრო გამოყო სხვადასხვა პროგრამების სახით ამ რეგიონებში. ახლა, როცა ჩვენ ხელთ გვაქვს ეს ინიციატივა, ვნახავთ რა გაუმჯობესება შეგვიძლია შევიტანოთ. ვხედავთ, რომ ამის გაკეთება რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით შეგვიძლია, მათ შორისაა ვაჭრობის შემსუბუქება, მობილობა, გაცვლა და განათლების მიმართულებება“, – აღნიშნა პირველი არხის კითხვაზე იანოშ ჰერმანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.