იანოშ ჰერმანი - ვერ ვიტყოდი, რომ ვიზიარებთ Freedom House-ის შეშფოთებას საქართველოში მედიისა და სასამართლოს მდგომარეობის შესახებ
იანოშ ჰერმანი - ვერ ვიტყოდი, რომ ვიზიარებთ Freedom House-ის შეშფოთებას საქართველოში მედიისა და სასამართლოს მდგომარეობის შესახებ

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და მოსაზრებებს, მაგრამ  ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი მოსაზრებები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი მოსაზრებები ორგანიზაციის ანგარიშებში აქვს დაფიქსირებული.

„მესმის, რომ ეს „ფრიდომ ჰაუსის“ განსაკუთრებული ანგარიშია, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს და მოსაზრებებს მათ შორის „ფრიდომ ჰაუსის“. მე ჯერ არ მქონდა საშუალება, რომ ანგარიშს სრულად გავცნობოდი, ამიტომ ვერ შევაფასებ. რაც პრესაში წავიკითხე, არის შენიშვნები, რომლებიც ეხება მედიის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას. ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნია და თქვენ მას კარგად იცნობთ ჩვენი ანგარიშებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის დიალოგი და უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ადამიანის უფლებებსა და სასამართლოს თავისუფლებას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა:

„ვერ ვიტყოდი, რომ Freedom House-ის შეშფოთებას ვიზიარებთ, თუმცა მედია და სასამართლო სისტემა ის სფეროებია, რომლებსაც  ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.