იანოშ ჰერმანი - 2017 წლიდან ევროპაში კვლავ დაიწყეს გაძლიერება ინტეგრაციულმა ძალებმა
იანოშ ჰერმანი - 2017 წლიდან ევროპაში კვლავ დაიწყეს გაძლიერება ინტეგრაციულმა ძალებმა

2017 წლიდან ევროპაში კვლავ დაიწყეს გაძლიერება ინტეგრაციულმა ძალებმა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პირველი არხის ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ინტეგრაციის მიმართულებით მოძრავი ძლიერი ევროპა, სადაც ამ ინტეგრაციას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, კარგია ყველასთვის.

ინტერვიუს დროს ზვიად ავალიანმა იანოშ ჰერმანს მიმართა კითხვით:

 

განვლილი 10 წლის განმავლობაში ევროპა შეიცვალა – ჩვენ ვხედავთ ნაციონალიზმისა და კონსერვატიზმის აღორძინებას როგორც ცენტრალურ, ისე დასავლეთ ევროპაში. საქართველოში ზოგს ძალიან ეშინია ამ პროცესის, რადგან ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, დაასრულოს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, თუმცა ზოგი პირიქით ფიქრობს. მათ მიაჩნიათ, რომ ახლა, შესაძლოა, ევროპა კიდევ უფრო გასაგები გახდეს ქართველების უმრავლესობისთვის, ხოლო თვითონ საქართველო უფრო მისაღები გახდეს ევროპისთვის. როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს თქვენ – როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი და როგორც უნგრეთის მოქალაქე, სადაც ნაციონალ-კონსერვატორები ხელისუფლებაში ჯერ კიდევ 2010 წელს მოვიდნენ?

იანოშ ჰერმანის თქმით, ეს ძალიან რთული საკითხია და, ამ დროისთვის, კითხვაზე სრული პასუხის გაცემა არ შეუძლია.

„ძალიან რთული საკითხია. არ დავმალავ, რომ არ შემიძლია, ამ წუთში მოგცეთ სრული პასუხი ამ კითხვაზე, რადგან თქვენ არ მეკითხებით წარსულზე – თქვენ მეკითხებით მომავალზე… ბევრი მიზეზის გამო, ეს წლები არ ყოფილა იოლი დრო ევროპისთვის. ჩენ გავიარეთ ფინანსური კრიზისი, რომელმაც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში გააუარესა ცხოვრების სტანდარტი. ალბათ, ამის გამო, პოპულისტური პარტიები გაძლიერდნენ.

ევროპაში, ამჟამად, ასევე მწვავე დებატებია, როგორი პოზიცია უნდა შევარჩიოთ გლობალიზაციასთან და მიგრაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, აისახა ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ მიმდინარე, 2017 წლიდან გაძლიერება დაიწყეს ინტეგრაციულმა ძალებმა.

არ მინდა კონკრეტული ქვეყნების არჩევნებზე ვისაუბრო, ევროკავშირში ბევრი ქვეყანაა, მაგრამ ევროკომისიის პრეზიდენტმა ორიოდე თვის წინ განაცხადა, რომ ევროპის იალქნებს კვლავ ზურგის ქარმა დაუბერა. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არის ფონი მომავლისთვის, რის შესახებაც თქვენ მეკითხებით. მომავლის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია. რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ინტეგრაციის მიმართულებით მოძრავი ძლიერი ევროპა, სადაც ამ ინტეგრაციას მხარს უჭერს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, კარგია ყველასთვის.

ეს კარგია, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე კარგია ჩვენი უახლოესი პარტნიორებისთვის, როგორიცაა საქართველო. ამ პროცესში ირეკლება ჩვენი გრძელვადიანი ურთიერთობის სტრატეგიაც იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არიან ევროკავშირთან და რომლებსაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი.

სამი წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლო მომავალში ევროკავშირს ახალი ქვეყნები არ შეემატება, თუმცა წელს მან განაცხადა, რომ ახალი წევრების მიღება იგეგმება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. ეს შემობრუნება სტრატეგიაში, რაღაც გაგებით, რასაკვირველია, ეხება საქართველოსაც და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებს.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა პლუსი“ არის ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ელემენტი. ჩემი აზრით, ევროპაში მიმდინარე ღია დისკუსიის პროცესში ჩვენ სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს თანხმობა ერთმანეთში და ეს თანხმობა გვაძლევს ძალას, რომ წავიდეთ წინ. პრობლემები, რასაკვირველია, არ გაქრება ერთ დღეში, მაგრამ ვფიქრობ, ტრენდი უკვე იცვლება და ეს ძალიან კარგი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.