იანოშ ბოკა - უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატი ქვეყნების დაკავშირებას, რადგან გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია
უნგრეთი მხარს უჭერს მოლდოვის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და ეწინააღმდეგება ამ პროცესში კანდიდატი ქვეყნების დაკავშირებას, რადგან ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, – ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა კოპენჰაგენში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყების წინ, სადაც კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილება.
„უნგრეთი არ აკავშირებს რომელიმე კანდიდატ ქვეყნებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის პროგრესს და ვეწინააღმდეგებით ქვეყნების დაკავშირებას, რადგან გვჯერა, რომ ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.
რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნგრეთის წინააღმდეგობას, იანოშ ბოკამ აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, როგორია ამომრჩევლების მხარდაჭერა კონკრეტული კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.
„ჩვენ ვნახავთ ევრობარომეტრის ახალ კვლევას, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს და წევრ სახელმწიფოებში გაფართოებისადმი მხარდაჭერას ეხება. გვექნება შესაძლებლობა, ვნახოთ კონკრეტული კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანებისადმი შიდა მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს ძალიან პოლიტიკური საკითხია, სადაც წევრი სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა იცოდნენ, სინამდვილეში რა სურთ ამომრჩევლებს“, – განაცხადა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.
იანოშ ბოკამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ფოკუსირებული უნდა იყოს ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციაზე.
„საუბარი როდესაც არის გაფართოებაზე, მე დავაყენებ დასავლეთ ბალკანეთზე ჩვენი ფოკუსის შენარჩუნების საკითხს. ჩვენ ამ რეგიონის ქვეყნებს წევრობას 20 წლის წინ დავპირდით და დროა, დაპირება შევასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ ნდობას დავკარგავთ“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.
უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა იპოვოს ახალი გზები ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის, რათა კანდიდატ ქვეყნებს და მათ მოსახლეობას ხელშესახები სარგებელი შესთავაზოს. მან მაგალითად დაასახელა უფასო როუმინგი, როგორც ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შესთავაზეს.