იანის ანტეტოკუმპომ „მილუოკისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა
იანის ანტეტოკუმპომ „მილუოკი ბაქსთან“ მაქსიმალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მომდევნო 5 წლის განმავლობაში 228 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ბერძენმა კალათბურთელმა ცოტა ხნის წინ twitter-ზე დაწერა.
„ეს ჩემი სახლია, ჩემი ქალაქია. მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა „მილუოკი ბაქსში“ კიდევ 5 წელი ვითამაშო“, – წერს იანისი სოციალურ ქსელში.
This is my home, this is my city.. I’m blessed to be able to be a part of the Milwaukee Bucks for the next 5 years. Let’s make these years count. The show goes on, let’s get it. 🤎🙏🏽 pic.twitter.com/895tCBE9RK
— Giannis Ugo Antetokounmpo (@Giannis_An34) December 15, 2020
26 წლის სუპერვარსკვლავი „ბაქსმა“ 2014 წლის დრაფტზე მე-15 ნომრად აირჩია. მას შემდეგ, იანისი ყოველ წელს უფრო და უფრო უმატებდა და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ამ დროის განმავლობაში ის უკვე ორჯერ გახდა ლიგის MVP.
ანტეტოკუმპომ წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 29.5 ქულა, 13.6 მოხსნა, 5,6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. ბერძენი საშუალოდ 30.4 წუთს თამაშობდა.
„მილუოკის“ მენეჯმენტის მუშაობა ამ პერიოდში, შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს. მათთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იყო NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი კალათბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება. გარდა ამისა, მათ მოახერხეს გუნდში ჯრუ ჰოლიდეის გადაყვანა, რითიც შემდეგი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერდნენ და წინა სეზონის მსგავსად წელსაც აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებად მიიჩნევიან.