შვეიცარიის ნაკრების მეკარემ, იან ზომერმა დაასრულა კარიერა ეროვნულ გუნდში. ამის შესახებ დაწერა შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურმა.
„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დავასრულო კარიერა ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო 12 წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წარდგენა საერთაშორისო დონეზე. კიდევ ერთი გრანდიოზული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოთხოვების დრო დადგა.
ეროვნულ გუნდში გატარებული დრო ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. სიამაყით ვიხედები უკან და ვიხსენებ დაუვიწყარ მომენტებს, მატჩებს, მოგებებსა და გამოწვევებს, რომელებიც ჩვენ ერთად გადავლახეთ. 15 წლიდან ნაკრები ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დაწყებული თავიდან, U16-დან, ეროვნულ გუნდში 10 წელი პირველ ნომრის სტატუსამდე, რომლის დროსაც მონაწილეობა მივიღე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ყველა ფინალურ სტადიაში. ოთხჯერ გავედით მერვედფინალში და ორჯერ – მეოთხედფინალში. ეს მოგონებები სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს პარტნიორს გუნდში, მთელ პერსონალს, მწვრთნელებს და, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, ჩემს პირად გუნდსა და შვეიცარიელ გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერის, ნდობისა და ერთგულების გარეშე ეს წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა. თქვენ ყოველთვის იყავით ჩემთვის მოტივაცია უმაღლესი შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა 35 წლის ზომერმა.
იან ზომერს 2012 წლის 30 მაისს ჰქონდა დებიუტი ნაკრებში – ეს მოხდა ოტმარ ჰიტცფელდის მწვრთნელობისას რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. სულ მან ქვეყნის პირველ გუნდში 94 მატჩი ჩაატარა და 92 გოლი გაუშვა. 35 მატჩში ზომერმა „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.