იან ლიპავსკი - ყველაფერი მარტივია, უკრაინა და დემოკრატიული მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, პუტინს კი სროლის გაგრძელება სურს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება რუსეთისგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მის მიერ გაჩაღებული ომის გაგრძელებას ცდილობს. ამის შესახებ ლიპავსკიმ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
ლიპავსკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა, პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს კიევთან სტამბოლში.
ამასთან, პუტინს არ უხსენებია ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ მიერ შეთანხმებული წინადადება 30-დღიანი ზავის შესახებ.
„ყველაფერი მარტივია. უკრაინა და დემოკრატიული მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, პუტინს კი სროლის გაგრძელება სურს“, – წერს ლიპავსკი.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს კიევში გამართული სამიტის შემდეგ ე.წ. „მსურველთა კოალიციამ“ რუსეთისგან მოითხოვა, დათანხმდეს 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი და აშშ გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.