იან ლიპავსკი - ჩეხეთს სურს, დააყენოს „რადიო თავისუფლების“ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე
იან ლიპავსკი - ჩეხეთს სურს, დააყენოს „რადიო თავისუფლების“ საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე

ჩეხეთს „რადიო თავისუფლების“ საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე დაყენება სურს. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.

ლიპავსკის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური მზადყოფნა, მოიმოქმედოს რამე.

„ვხედავთ ჩვენ ღირებულებას მსგავს ორგანიზაციაში და მსგავს მაუწყებლობაში ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი, ირანი და მრავალი სხვა? ჩვენ თუ ვხედავთ ასეთ ღირებულებას, რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, რათა შევინარჩუნოთ ეს სამსახური ჩვენს ინტერესებში? ეს ძალიან ფართო საკითხია. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში და ჩვენ არ ვიცით, რა არის შესაძლებლობა, ამიტომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოლოდინები, თუმცა ჩვენ უნდა დავიწყოთ რამის გაკეთება პოლიტიკური მზადყოფნიდან გამომდინარე. ამიტომ ამას ვითხოვ დღეს. რა თქმა უნდა, ჩეხეთი ძალიან ამაყია, რომ 25 წლის განმავლობაში მასპინძლობს პრაღაში „რადიო თავისუფალ ევროპას““, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის დედაქალაქში „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისია განთავსებული.