იან კელი - სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე 
იან კელი - სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე 

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს. მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა, უზრუნველყოს, რომ არჩევნები გამოხატავდეს ამომრჩველის ნებას, წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ საქართველოში ელჩად საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიება განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც დასაფიქრებელია.

„მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების /OSCE/ODIHR/ შეფასებით 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩევლთა დაშინების შემთხვევების ზრდა”, – განაცხადა იან კელიამ.

მისივე თქმით, 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს უმაღლესი სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო.

„პირველ რიგში, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით. მეორე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას, როგორც სრულად დამოუკიდებელი და სანდო ინსტიტუტისა, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და მისთვის აპრიორი კანონის სულისკვეთება და კანონის სიტყვაა. მესამე, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება დამოკიდებულია პლურალისტულ პოლიტიკურ გარემოზე, სადაც ყველა პარტიას აქვს კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები. კვალიფიციური პარტიებისათვის აუცილებელია უკეთესი ხელმისაწვდომობა კამპანიისათვის საჭირო ფინანსებზე და გაზრდილი საეთერო დრო, განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატებისათვის. სისტემა, სადაც ერთი პარტია იღებს 90 პროცენტზე მეტ შეწირულობას საარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის, დგას ერთპარტიული ძალაუფლების მონოპოლიის რისკის წინაშე. მეოთხე, მოქალექეები საკუთარ ნება-სურვილს თავისუფლად გამოხატავენ საარჩევნო ურნებთან მხოლოდ მაშინ, თუ ისინი თავისუფალნი არიან ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინებისაგან. პრინციპი ერთი ადამიანი/ერთი ხმა ფუნდამენტურია დემოკრატიის განვითარებისათვის”, – აღნიშნა ელჩმა.

იან კელიმ ასევე ისაუბრა ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობაზე.

„კიდევ ერთი საკითხი რაც მაფიქრებს, ძლიერი ინსტიტუტების არსებობის აუცილებლობა და ხელისუფლების შტოებს შორის დემოკრატიული კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი. იყო რამოდენიმე შემთხვევა უახლოეს წარსულში, როდესაც ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სამართლიანი მოპყრობა სასამართლოებში. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია გარეშე ზეგავლენისაგან, არის უმნიშვნელოვანესი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის, რაც ესოდენ აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისათვის. ასევე, აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ არა ცარიელი სიტყვით, არამედ საქმით. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ, ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული როგორ გამოავლენს თავშეკავებას, რომ არ გადაამეტოს საკუთარ უფლებებს, დაეხმაროს საზოგადოებას განხეთქილების დაძლევაში და შეაჩეროს წარსულ შეცდომებზე დავის განახლება”, – განაცხადა იან კელიმ.

ელჩის გამოსვლის ტექსტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.