იან კელი – პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ გზები და საშუალებები, როგორ დავეხმაროთ საქართველოს გამოწვევებთან გამკლავებაში
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, ის გზები და საშუალებები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევებთან გამკლავებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კიდევ ერთხელ მქონდა საშუალება, გამომეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. რაც შეეხება კითხვებს, ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, ასევე განვიხილეთ ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, ის გზები და საშუალებები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევების გადაჭრაში“, – განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის ელჩის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობების საკითხსა და ოკუპირებული რეგიონების თემას.
„იყო საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე განვითარებულ მოვლენებზე სამხრეთ ოსეთში. განვიხილეთ საკითხი, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხს, რათა პარლამენტმა არამარტო წარმოადგინოს თავისი ამომრჩევლები, არამედ განახორციელოს ზედამხედველობა მთავრობაზე და მათ მოქმედებებზე. მე მალე მივემგზავრები საქართველოდან და ეს ასევე იყო შეხვედრა, რომელზეც დავემშვიდობე მათ“, – აღნიშნა იან კელიმ.