იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივებს და დავეხმარებით მათ განხორციელებაში
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივებს და დავეხმარებით მათ განხორციელებაში

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მთავრობის წარმატების ერთადერთი საზომი არის დღევანდელი დღის გუშინდელთან შედარება – აქვთ თუ არა მის მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, არიან თუ არა ისინი უფრო დაცულნი და შეუძლიათ თუ არა იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომელიც სურთ.

როგორც იან კელიმ მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თითოეულ ახალ მთავრობას წვლილი შეჰქონდა საქართველოს განვითარებაში და ქვეყნის მიღწევებში  დიდია ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი.

კელიმ საქართველოში მისი ყოფნის პერიოდში ერთობლივად მიღწეული წარმატების რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა, მათ შორის აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა და ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, განათლებისა და სასამართლო სისტემებში და სხვა სფეროებში.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობაზე უსაფრთხოების სფეროში.

“ჩვენ ერთგულნი ვართ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორების მიმართ. თქვენი საქმისადმი თავდადებით და ჩვენი მხარდაჭერით, საქართველომ გადაჭარბებით შეასრულა ნატო-ს მიერ დაწესებული რეკომენდაცია და მისივე მიზანი, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 პროცენტი უნდა დახარჯოს. ამით საქართველომ გაიუმჯობესა ტერიტორიული თავდაცვის უნარი. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ჩემთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ქართველი ჯარისკაცი იჭრება ან იღუპება ამ საერთო ღირებულებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობის ერთ-ერთი ძლიერი ნიშანი იყო საქართველოს გადაწყვეტილება ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ორი ამერიკული 110 ტიპის საპატრულო კატარღის შეძენა.

„ქებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება რეფორმების ახალი ციკლის განხორციელების შესახებ, ახალი რეფორმები ასევე, მოიცავს ცვლილებებს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის ურთიერთობებში და ძალების ფართო რეორგანიზაციას. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ეფექტურობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივებს და დავეხმარებით მათ განხორციელებაში“, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელის გამოსვლის ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურმა გაავრცელა.