იან კელი - ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე 
იან კელი - ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მთავარია, პროცესები სამართლებრივად წარიმართოს.

როგორც იან კელი ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

“პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს, ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგა უკრაინაში. მთავარი ამ საკითხში არის, რომ სამართლიანი სამართლებრივი პროცესი წარიმართოს და ყველა ამას დააკვირდება. რაც შეეხება ამ მოვლენების ასახვას საქართველოზე, ის არის საქართველოს ყოფილი მეთაური. ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს დავეხმაროთ, წავიდეს წინ. განვითარდეს და გახდეს უფრო წარმატებული. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ფოკუსირებულია მომავალზე,”- განაცხადა იან კელიმ.