იან კელი - ამერიკასაც და ევროკავშირსაც საქართველოს განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული
იან კელი - ამერიკასაც და ევროკავშირსაც საქართველოს განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული

ევროკავშირსაც და ამერიკასაც საქართველოს განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა იან კელიმ კონფერენცია „პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში . აღქმა და პოლიტიკას“ ფარგლებში დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ დისკუსია და აზრთა გაცვლა მოხდეს. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც საქართველოსა და მისი განვითარებისთვის უდიდესი ინვესტიცია აქვთ გაწეული. კარგი შესაძლებლობაა დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს, რომ დახმარების კუთხით ჩვენი პროგრამების განხორციელება უფრო უკეთესად მოხდეს“, – განაცხადა იან კელიმ.

ორდღიან კონფერენციაზე, სახელწოდებით „პოლიტიკური პირობითობის მექანიზმი აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში. აღქმა და პოლიტიკა”, ცივი ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკაზე მსჯელობენ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დახურულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.