იაგო ხვიჩია - ვერ ვხვდები, რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატომ მოდიხარ უკან, როცა გაგინებენ იქიდან, შენ მაინც აგინე, შენც რომ მიდიხარ
იაგო ხვიჩია - ვერ ვხვდები, რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატომ მოდიხარ უკან, როცა გაგინებენ იქიდან, შენ მაინც აგინე, შენც რომ მიდიხარ

ვერ ვხვდები, რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატომ მოდიხარ უკან, როცა გაგინებენ იქიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით გინებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ საბაბს იყენებს, რათა პოლარიზაცია მეტად გაზარდოს.

„დეპოლარიზაცია არც უნდათ. დეპოლარიაზაციის არანაირი მიზანი არ აქვთ. ნებისმიერ საბაბს იყენებს, რათა პოლარიზაცია მეტად გაზარდოს. შენ ამ საბაბს აძლევ ისე, რომ ვერც კი ხსნი, რას აკეთებ. მართლა ვერ ვხვდები, რისთვის მიდიხარ „ქართული ოცნების“ ოფისთან და რატომ მოდიხარ უკან, როცა გაგინებენ იქიდან. რისთვის მიხვედი იქ? შენ მაინც აგინე, შენც რომ მიდიხარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა პარლამენტის წინ გამართულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს კარგად გამოუვიდათ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა.

„აქცია წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ თუ გინდოდა ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში არაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ. ბევრი ადამიანის მიზანი, ვინც აქციას ხელმძღვანელობდა, იყო უბრალოდ აქციის დაშლა, საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და არა ის, რაც იყო გაცხადებული, ხელისუფლების შეცვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხალხს, რომელსაც უნდოდა სამართლიანი პროტესტი ჩაეცხრო, ადამიანებს იმედები გაცრუებოდა და სახლში წასულიყვნენ, წარმატებით გამოუვიდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, აქციაზე სწორ მოთხოვნებს თუ აყენებ, მაშინ მიტინგს ხალხი ემატება.

„აქცია თავისი შინაარსით პოლიტიკური იყო. იქ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები და უნდა ყოფილიყო პოლიტიკური მოთხოვნები, ოღონდ სწორი მოთხოვნები. თუ სწორ მოთხოვნებს აყენებ აქციაზე, ხალხი გემატება. თუ შენ არასწორ მოთხოვნებს აყენებ აქციაზე, ხალხი გაკლდება. ყველა შემდეგ აქციაზე ხალხი გაკლდებოდა, რითაც უნდა მიმხვდარიყავი, რომ შენი მოთხოვნები არასწორი იყო. მაგრამ არასწორობის მიუხედავად, თან იყო პოლიტიკური მოთხოვნები. თუ ხარ თან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თან გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, მაგრამ ამბობ, რომ პოლიტიკოსები აქციაზე გამომსვლელები არ არიან და არც უნდა იყვნენ, საბოლოო ჯამში, ან შენ უნდა გახდე პოლიტიკოსი ან იმათ, ვინც უკვე პოლიტიკოსები არიან, შეუძლიათ ჩამოგაგდონ იმ ტრიბუნიდან. ამ შემთხვევაში იქნება აქცია წარმატებული. გარანტია კი არ არის, შანსი არსებობს. ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები აპოლიტიკური საბაბით ვაკეთეთ. ადამიანებმა ვერაფერი გაიგეს და დაიშალნენ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.