იაგო ხვიჩიამ დეპუტატებს მიმართა - „ენჯეოშნიკები“ არ იყვნენ ლმობიერები ჩემ მიმართ და დაუმსახურებლად დაბალი ქულები დამიწერეს, არ მინდა, ამან დაგაბრკოლოთ, მინდა, ვითხოვო თქვენი მხარდაჭერა
„გირჩის“ წევრმა, სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატთა შემფასებელი კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მას დაუმსახურებლად დაბალი შეფასება დაუწერეს და პარლამენტის წევრები ამან არ უნდა დააბრკოლოს. შესაბამისად, იაგო ხვიჩიამ კოლეგა დეპუტატებს მხარდაჭერა სთხოვა.
„მოგეხსენებათ, მე სახალხო დამცველობის უკვე წარდგენილი კანდიდატი ვარ და მინდა, ვითხოვო თქვენი, საქართველოს პარლამენტის წევრების მხარდაჭერა. იცით, რომ „ენჯეოშნიკები“ არ იყვნენ ლმობიერები ჩემ მიმართ და ჩემი აზრით, დაუმსახურებლად დაბალი ქულები დამიწერეს. მე არ მინდა, რომ თქვენ ამან დაგაბროკოლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ სურს, სახალხო დამცველის შერჩევის პერიოდში, გამოიყენოს დეპუტატობის უპირატესობა და წარადგინოს სხვადასხვა ტიპის კანონპროექტი, რომელზეც სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაშიც გააგრძელებს მუშაობას და ექნება პოზიცია, რომ აღნიშნული კანონები მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად. იაგო ხვიჩიამ დღეს ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტი დაანონსა და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონით, ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება იზღუდება.
„თქვენი მხარდაჭერა რომ მოვითხოვო, აუცილებელია, იცოდეთ ჩემი პოზიცია რამდენიმე ისეთ საკითხზე, რომელიც შეიძლება, შემდეგ საკამათო, სადისკუსიო გახდეს და მინდა, მთელი ეს კამპანია, როდესაც ჩვენ ვარჩევთ სახალხო დამცველებს, გამოვიყენო ჩემი უპირატესობა, რომ ვარ პარლამენტის წევრი და შემოვიტანო სხვადასხვა ტიპის კანონპროექტი, რომელზეც შემდეგაც გავაგრძელებ მუშაობას და ყოველთვის მექნება პოზიცია, რომ ეს კანონები მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად.
დღეს მინდა, დავაანონსო ერთ-ერთი ასეთი კანონპროექტი და მოგიყვეთ მოკლე ისტორია ამის შესახებ. შესაძლოა, ეს კანონპროექტი ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, არსებული კანონი, ნორმები ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს, მაგრამ ჩემთვის ეს რაღაცნაირი პროტესტის საგანია, რადგან 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი იხილებოდა, მაშინ უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონპროექტის განხილვის პროცესს, მათ შორის პარლამენტში. ეს ეხება ქურდული სამყაროს შესახებ კანონს. ამ კანონით ჩვენ ფაქტობრივად ადამიანის რწმენის თავისუფლება შევზღუდეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანები უნდა ისჯებოდნენ მიუხედავად იმისა, შევძლებთ თუ არა კონკრეტული ქმედების დამტკიცებას, შევძლებთ თუ არა, ადამიანს დავუმტკიცოთ, რომ მას ჰქონდა ორგანიზებული ბანდა შექმნილი, ან იყო თუ არა ორგანიზატორი, წამქეზებელი, ნებისმიერი დამხმარე. არ იყო საჭირო და არ გახდა საჭირო არც ერთი კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება ადამიანზე. იმის გამო, რომ ის რაღაც რწმენას აღიარებს, რაღაცის სჯერა, ქართული კანონმდებლობით გამოვაცხადეთ კრიმინალებად. ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობის ფარგლებში. მინახავს იმ პერიოდში იურისტების გამოსვლები, იმ უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორების და ადმინისტრაციის, რომელიც მე სამართალს მასწავლიდა. არასდროს ამ ხალხზე პატივი არ მიცია მას შემდეგ. იურისტებმა, რომლებიც მე მანამდე სამართლის ლექციას მიკითხავდნენ და მეუბნებოდნენ, რა იყო დანაშაული, ადამიანების რწმენის გამო ციხეში გამოკეტვას დაუჭირეს მხარი. არა მხოლოდ ციხეში გამოკეტვას. ამ კანონის მიღებით, ფაქტობრივად, ჩვენ შემოვიღეთ სასჯელის ახალი ფორმა, რომელიც ისე არ გვაქვს, აკრძალულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეს არის ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა. და თუ თავს არ მოვიტყუებთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქურდებთან ე.წ. ბრძოლა ფაქტობრივად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად. ეს არის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ქვეყნიდან გაძევება, როგორიც არის მაგალითად, გადასახლება სხვა ქვეყანაში. თავისი შინაარსით ასეთია ეს სასჯელი, რაც დავაწესეთ, რომ ადამიანს პასპორტსაც კი არ ვუახლებთ და ვეუბნებით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, არ ვაძლევთ ამ ადამიანის ოჯახის წევრებს მოსვენებას, არ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს ამ ადამიანების შვილებს, ვავიწროებთ ოჯახს და ვამბობთ, რომ ოჯახის ყველა წევრი თითქოს რაღაცაშია გარეული.
ჩვენ დროზე უნდა შევცვალოთ ასეთი დამოკიდებულება, რაც უნდა არაპოპულარული იყოს ეს. ადამიანი უნდა დაისაჯოს მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო და არა იმ რწმენის გამო, რომელიც მას სჯერა. არ შეიძლება ადამიანის დასჯა ლაპარაკის გამო, როგორც გვაქვს აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსით, რომ მე რომ რაღაც ლაპარაკში მივიღო მონაწილეობა, თურმე გავხდები სისხლის სამართლის დამნაშავე. სრულიად უდანაშაულო ადამიანები ამ მუხლით დღეს გვიზიან ციხეში. მინდა, იცოდეთ, ჩემი სახალხო დაცმცველად არჩევის შემთხვევაში, ვიბრძოლებ ამ ადამიანების უფლებებისთვის. არა იმიტომ, რომ ვინმე მათგანს ვიცნობ, არც ერთ კანონიერ ქურდს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მე არავის ცნობა არ მჭირდება იმისთვის, რომ დავინახო უსამართლობა, რომელიც თუნდაც ფურცელზე წერია, ადამიანის პირადად გაცნობა ამისთვის არ არის სავალდებულო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.