იაგო ხვიჩია - ზურაბ ჯაფარიძეს წარმატებებს ვუსურვებ, აირჩიონ მერად და მერე რამეს მოახერხებს, ზოგადად, არჩევაშია პრობლემა
ზურაბ ჯაფარიძეს წარმატებებს ვუსურვებ, აირჩიონ მერად და მერე რამეს მოახერხებს, ზოგადად, არჩევაშია პრობლემა, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ ოპოზიციური პარტიების შეთავაზების შემთხვევაში, თანახმაა, დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატი იყოს.
„ამ თემაზე ჯერ საუბარი არ გვქონია. კითხვა რაში მდგომარეობს, როგორ წარმომიდგენია მერად ზურაბ ჯაფარიძე? წარმატებებს ვუსურვებ მას. აირჩიონ და მერე, ჩემი აზრით, რამეს მოახერხებს, არჩევაშია ზოგადად პრობლემა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, შეკითხვაზე, გაართმევს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე თავს მერობას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა: „მთავარი პრობლემა ისაა, რომ დედაქალაქის მერს აქვს ისეთი ფუნქციები, რომელიც მას არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება დედაქალაქის მერად ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციებს კარგად კი არ შეასრულებს და კიდევ უფრო მეტს კი არ მოითხოვს, არამედ ამ ფუნქციების ჩამოცილებაზე დაიწყებს მუშაობას და ნელ-ნელა გავა ადამიანის ცხოვრებიდან, სადაც ეს შესაძლებელია.
მე სხვანაირად ვუყურებ მერის უფლებამოსილებას და შეიძლება, სხვა კანდიდატები სხვანაირად უყურებენ. ამიტომ, როგორ გითხრათ, ვინ როგორი მერი იქნება, როცა თვითონ მერის ფუნქციასთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ.