შეთავაზების შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე თანახმაა, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი იყოს
შეთავაზების შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძე თანახმაა, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი იყოს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების შეთავაზების შემთხვევაში, თანახმაა, დედაქალაქის მერობის საერთო კანდიდატი იყოს.

„შემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ოპოზიციაში თუ გამოიკვეთება, რომ საერთო კანდიდატი ის არ იქნება, ამ შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა მხარს სხვა კანდიდატურას, ჯაფარიძე ამბობს: „მე თუ არ ვიქნები, ე.ი. საერთო კანდიდატი არ იქნება. ეს მაგას ნიშნავს“.