იაგო ხვიჩია - ზოგადად, ნებისმიერი რაღაცისთვის მზად ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მინდა, რომ კონფლიქტები იყოს ღია და მე ამის შესახებ ვსაუბრობდე
იაგო ხვიჩია - ზოგადად, ნებისმიერი რაღაცისთვის მზად ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მინდა, რომ კონფლიქტები იყოს ღია და მე ამის შესახებ ვსაუბრობდე

არ მითქვამს, რომ მელია მემუქრებოდა, მე ვთქვი, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა. უბრალოდ, ვცდილობ, ადამიანების პრეტენზიები გავარკვიო. მართლა საქმის გარჩევას ხომ არ დავიწყებ. ამიტომ, მზად ვარ, ნებისმიერი პრეტენზია მივისმინო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„დანარჩენი, თუ მუქარა არის, მაშინაც ვთქვი, რა მიმაჩნია ასეთ დროს სწორ გამოსავლად. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც გემუქრება, რომელიც ფიზიკურად შენზე ძლიერია, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს მაქვს იარაღის ტარების უფლება და შესაბამისად, თუ ასეთი საფრთხე არსებობს ქვეყანაში, გუშინ დავინახეთ, რომ ვიღაცას თავზე რაღაც დაამხეს, ასეთი დესტრუქციული ამბავი თუ არის, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, კიდევ იძაბება სიტუაცია, მგონია, რომ ზოგადად საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მოითხოვოს იარაღის ლეგალიზაცია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, სავარაუდო მუქარა ეხებოდა თუ არა ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ხვიჩია აცხადებს, რომ „მუქარა, ზოგადად სულ მაგას მოიცავს“.

„უბრალოდ, მე არ გეუბნებით. ჩვენ ვართ განერვიულებულები, ხმამაღლა ვსაუბრობთ, შეიძლება მე ვერ გავიგე რაღაც კარგად. ზოგადად, ნებისმიერი რაღაცისთვის მზად ვარ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ მინდა, რომ კონფლიქტები იყოს ღია და მე ამის შესახებ ვსაუბრობდე, საჯაროდ უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „გირჩის“ გარიცხვის საკითხს ოპოზიციური გაერთიანებიდან, როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, მისთვის ცნობილია, რომ „გირჩი“ ოპოზიციაში პრობლემად ჩამოყალიბდა.

„ზოგადად, ყოფილა საუბარი, რომ „გირჩი“ რაღაცნაირად პრობლემად ჩამოყალიბდა, იქიდან გამომდინარე, რომ კითხვები აქვს, ოპოზიციურ შეხვედრაზე. მგონია, რომ ოპოზიციას აძლიერებს ხალხი, რომელიც კითხვებს სვამს. ისედაც მგონია, რომ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ არის ოპოზიციონერი და ვინ არ არის. ეს მემგონი სხვანაირად წყდება, ზოგადად და ვერავის ვერ გადავუწყვეტ, რომ ის არ არის ოპოზიციონერი. კარგია რომ დამიცვეს, თურმე, როგორც გავიგე, სხვა ადამიანებმა, მიუხედავად ასეთი ამბისა, იგივე ნიკა მელიამაც, ამ ადამიანებს მადლობას ვუხდი, როდესაც წესიერად იქცევიან. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, „ლელომ“ და ნიკა მელიამ დამიცვეს, უბრალოდ, არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია და არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო. ჩემი თანდასწრებით იქ არავის არ უთქვამს, რომ მე საიდანმე გასარიცხი ვარ, მაგალითად კაკო ბობოხიძე იძახის, რომ თუ „გირჩი“ იქნება სადმე, თვითონ არ იქნება, ველოდები, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას თავად წასვლის შესახებ. მგონია უფრო რაციონალური, რომ დავუყენო ვინმეს ულტიმატუმი შენ თუ არ წახვალ, მე წავალ, ის რატომ უნდა წავიდეს, არ მესმის. შეიძლება მე მომივიდა არასწორი ინფორმაცია და მეორეჯერ გავითვალისწინებ, რომ იგივე წყაროს არ დავუჯერო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ცუდი საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, „მოეჩვენა, რომ ნიკა მელია ემუქრებოდა“.