იაგო ხვიჩია - ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ შედეგები, რომ არჩევნების მეორე ტურს აზრი ჰქონდეს
იაგო ხვიჩია - ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ შედეგები, რომ არჩევნების მეორე ტურს აზრი ჰქონდეს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რაც ყველამ იცის. მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რთული და გრძელვადიანი პროცესია, თუმცა სულ მცირე, პროცესი უნდა დაიწყოს არჩევნების შედეგების იმგვარად ჩასწორებით, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან.

ხვიჩიას განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ პარლამენტმა უნდა იზრუნოს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე.

„ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა ვერ დაწია. ზოგადად, არჩევნების დანიშნულებაა, რომ ოპოზიციის, ხელისუფლების, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მიერ მაღლა აწეული ტემპერატურ არჩევნების შედეგებმა დაბლა ჩამოწიოს, რათა ჩვენ ყველამ მივიღოთ არჩევნების შედეგები და პროტესტის ნაცვლად, შემდეგი ოთხი წელი ამ არჩევნების შედეგის ერთგული დავრჩეთ, პატივი ვცეთ ადამიანის არჩევანს.

ამ არჩევნებმა ეს ამოცანა ვერ შეასრულა, რადგან მთლიანი პოლიტიკური სპექტრი უპრეცედენტოდ შეთანხმდა იმაზე, რომ არჩევნები მოპარეს და ცხრა პარტიიდან არც ერთი არ შედის პარლამენტში. ყველამ ვიცით, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი ამ თემაზე, ყველამ ვიცით, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია აკლია. ჩემი გუშინდელი ინიციატივა იყო ასეთი – კვირას აქციას აორგანიზებს ოპოზიცია, ამ აქციაზე მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ვადამდელი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მძიმე ნაბიჯია, რომელიც შეიძლება, ხელისუფლებამ იძულებით გადადგას. გვინდა რაღაც ტიპის გამოსავალი, რაც არ იქნება მარტივი, ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ჩემი აზრით, მინიმუმ უნდა დავიწყოთ იმით, რომ არჩევნების შედეგები ჩასწორდეს ისე, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ წავა ხელისუფლებიდან.

ამ ქვეყანაში ადამიანების მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა ხელჩართული პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლის ბედი აუცილებლად მეორე ტურში გადაწყდებოდა. ყველასთვის გასაგები გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მისთვის ყველაზე უარესი არჩევნები. ამით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ჩვეულებრივი პიროსის გამარჯვება.

ასეთი გამარჯვებები, ასეთი ხელისუფლებები დაღუპავს ამ ქვეყანას, დაიწყება შიმშილი, ეკონომიკური სტაგნაცია, სრული უიმედობა, რადგან არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიზმში, ერთპარტიულ მმართველობაში დაგვაბრუნა, ყველაფერი 100 პროცენტით არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ყველა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დაიწყება, როგორც ახლა, ისე გაზაფხულზე, იქნება „ქართული ოცნების“ ბრალი და ჰორიზონტზე არ გამოჩნდება ამის გადაწყვეტის არანაირი გზა, რადგან კობახიძე-თალაკვაძე უყურებენ პარლამენტში თვალებში ერთმანეთს. არანაირი პერსპექტივა, სრული უიმედობის განცდა არსებობს, ეს ამბავი დამთავრდება ან ჩვენი შუა აზიად ქცევით ან რევოლუციით, ჩვენ არც ერთი გვინდა.

ამიტომ ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი, ქვეყანაში ვინ რჩება და ვინ არა მთავრობაში, წყდებოდეს არჩევნების მეორე ტურზე, ამით ჩვენ პირველი ტურის რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს ამ პარლამენტმა, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები, ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა მიქარა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს სახის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს“ , – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.