იაგო ხვიჩია - ყველამ იცის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად ვმოძრაობდით და ვინმე რამეზე უარს თუ გვეტყვის, ეს იქნება ჩვენი დამსახურება
იაგო ხვიჩია - ყველამ იცის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად ვმოძრაობდით და ვინმე რამეზე უარს თუ გვეტყვის, ეს იქნება ჩვენი დამსახურება

ყველამ იცის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად ვმოძრაობდით და ვინმე რამეზე უარს თუ გვეტყვის, ეს იქნება ჩვენი დამსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „რაღაც მოცემულობიდან გამომდინარე ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი თუ თქვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზოგადად კავკასიაში ჩაიკეტება ევროპული მომავლის შესაძლებლობა“.

„ევროპასთან დაახლოების, ინტეგრაციის თვალსაზრისით, გარკვეული პერიოდი ჩვენ უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ ვიყავით. ანუ, რაღაც წვლილი გვაქვს, მათ შორის, ისტორიული წვლილი. რუსეთთან ჩვენ რომ სისხლი დაგვიღვრია და გვიბრძოლია, მგონი, მაგდენი არავის უბრძოლია. შესაბამისად, არ იქნება საქართველოს ასე მოშორება, რომ ეს ამათთან ერთად არ არის. ყველამ იცის, რომ ჩვენ ერთად ვმოძრაობდით და თუ ვინმე რამეზე უარს გვეტყვის, ეს იქნება ჩვენი დამსახურება, რადგან ჩვენ ვთქვით ამ მოძრაობაზე უარი, თორემ ისინი არ გვმიჯნავენ იმით, რომ უკრაინის პროცესთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება არ შეგვეფერება. მესმის, რომ შესაძლოა არესტოვიჩისა და არახამიას განცხადებები გადაჭარბებულია, მაგრამ უკრაინის პროცესთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება არ შეგვეფერება. ჩვენ ასე არ ვიქცეოდით ფიზიკურად და ეს არ არის ის ქცევა, რომელსაც ჩვენგან ელიან, რადგან ჩვენც იმავე მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ, ახლა ცეცხლი იქ მიდის, თორემ ჩვენთანაც ომია. ფაქტობრივად, შუა გზამდეა მოსული მცოცავი ოკუპაცია. შესაბამისად, ის ხალხიც ხომ უყურებს, ხალხო, თქვენ რა გაქვთ დასაკარგი, თქვენთანაც ხომ ხედავთ, რა ხდებაო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, საქართველოს არაფერი აქვს დასაკარგი? – იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ აქ ფარდა ჩამოეფარა და ფიზიკურად რუსების სამფლობელოში დავრჩით, დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით ჩამოვშორდებით ცივილიზაციას.

„ჩვენ ახლა უბრალოდ, ფიზიკურად პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ ჩვენც უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ვდგავართ. ოღონდ, გამჭრიახი, გასაგები პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ეჭვი რომ არავის შეეპარება, ისეთი. თუნდაც, ეს სიტყვიერი იყოს. თუ ეს იქნება ქმედითი, კიდევ უკეთესი, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა გავბედოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რომლითაც ჩვენს პატიოსნებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა, იქნებოდა საქართველოს ყოფნა იქ, სადაც იქნებოდა უკრაინა, მოლდოვა და ისეთი ქვეყნები, რომლებიც ასეთ რაღაცებს აკეთებენ“.

„ეს იქნებოდა მაგალითად, ის, რაც პოლონეთმა გააკეთა. მე ვიძახი რადიკალური, ყველაზე მაღალი ზომიდან, როგორც ამერიკული ტანკები შევიდა პოლონეთში, ხოლო პოლონური შევიდა უკრაინაში. ამით ხომ პოლონეთის შეიარაღებამ ძალიან ბევრი მოიგო? სად T 72-ები და სად Abrams-ები? ასეთი გაცვლა რომ შენ ჩვეულებრივ დროს მოინდომო, ეს ხომ არასოდეს გამოგივა, ხომ არავინ გაგიცვლის? ახლა არის შანსი, რომ შენც იგივე გააკეთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ იყო შესაძლებლობა, საქართველოში Abrams-ები შემოეყვანათ და სანაცვლოდ ჩვენი ტანკები მიგვეცა, – ხვიჩიამ აღნიშნა, რომ საჯარო შეთავაზებას წინ არაფერი უდგას.

„შენს საჯარო შეთავაზებას რა უდგას წინ, შენ რომ ამბობ, როგორც პოლონეთში გააკეთეთ, როგორც სადღაც გააკეთეთ, როგორც მეგობრებს შეეფერებათ, ჩვენც მზად ვართ, ეს გავაკეთოთო? ამ პოზიციას თუ შენ იტყვი, ხომ არავის ეჭვი არ შეეპარება შენს ვაჟკაცობაში, სწორ დამოკიდებულებაში და შენ რაღაცაში? საფრთხის შემცველია? კი ბატონო, შეგიძლია, შეარბილო ეს ამბავი, მაგრამ უნდა დააფიქსირო პოზიცია, რომ შენ უკრაინის გვერდით დგახარ. ისინი რომ გაკრიტიკებენ, შენც აქედან როგორც „ნაცებს“, ისე რომ აკრიტიკებ, ასე კი არ არის სწორი, არამედ ის, რომ ჩახვიდე მეგობართან, რომელიც ჩხუბობს, ომშია და მისი პრეტენზია პირადად მოისმინო, პირადად გაუფანტო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რა ეჭვებიც აქვთ. ეს ხომ ყველაზე მინიმალური სტანდარტია?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.