იაგო ხვიჩია - ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი ხალხის არჩევანზე, იხსნას ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან წავიდეთ ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის, ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება
იაგო ხვიჩია - ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი ხალხის არჩევანზე, იხსნას ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან წავიდეთ ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის, ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება

ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველო აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე ცვლის, ხოლო ქვეყნის მეგობრები საზოგადოების გამოფხიზლებას ცდილობენ.

„საქმე ძალიან მარტივად არის. ამ წუთას აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ვცვლით, ჩვენი მეგობრები კი ცდილობენ, გამოგვაფხიზლონ. რამდენად საკმარისი იქნება დასავლეთის ზომები, დარწმუნებული არ ვარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გამოსაფხიზლებლად იქნება საკმარისი, რომ აქამდე თურმე სიცრუეში ვცხოვრობდით, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა, გვეგონა, დასავლეთისკენ მივდიოდით და თურმე შუა გზაზე გადაგვიხვევია, ამას ნიშნავს ჩემთვის ეს განცხადება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ ასახელებენ შეერთებულ შტატებში, თუ ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს „მხოლოდ იმის ნიშანია, რომ უფრთხილდებიან არასრულწლოვანებს და ოჯახის წევრების ინტერესებს, თორემ თანამდებობის პირები, ვინც დასანქცირდება, ნებისმიერ შემთხვევაში გახდება ცნობილი და არ დაიმალება“.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, მას უდგას არჩევანი, იხსნას საკუთარი ქვეყანა არასწორი მიმართულებისგან ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის საფრთხე ნაკლებად გვემუქრება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.