იაგო ხვიჩია - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გრიგოლ ვაშაძე ამ პოზიციით მარტო იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ეყოლება თანამებრძოლები
იაგო ხვიჩია - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გრიგოლ ვაშაძე ამ პოზიციით მარტო იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ეყოლება თანამებრძოლები

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გრიგოლ ვაშაძე ამ პოზიციით მარტო იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ, ეყოლება თანამებრძოლები, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა და ამ პარტიის  პოზიციას მოვლენების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელობა ექნება.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ ოპოზიციური ძლიერების და ერთიანი პოზიციით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მომხრეა.

„მგონი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე ამ პოზიციით მარტო იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ეყოლება თანამებრძოლები. ცხადია, თუ ეს პოზიცია ნელ-ნელა რაღაცნაირად გარდაიქმნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციად, ამან შეიძლება რაღაც შეცვალოს, თუმცა ამ პოზიციაშიც ბევრი რაღაცებია გასათვალისწინებელი, მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. მაგალითად, იქ საუბარია იმაზე, რომ ეს უკავშრდება უმრავლესობით პარლამენტში შესვლას და ა.შ. მგონი, ჯერ უბრალოდ ამ განცხადების შინაარსი უნდა დავაზუსტოთ და მგონია, რომ მე არ ვარ ყველაზე მთავარი ადრესატი ამის დასადასტურებლად, რადგან თქვენ იცით, რომ მე არ ვყოფილვარ არასდროს არც მოლაპარაკების წინააღმდეგი ვინმესთან, პირიქით, ლაპარაკი მგონია ერთადერთი გზა ნებისმიერი კონფლიქტის გადასაწყვეტად. ამავდროულად, ჩვენ მომხრე ვართ ოპოზიციური ძლიერების, ერთიანობის და იმის, რომ ოპოზიცია ერთიანი პოზიციით იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე ხელისუფლებასთან.

ბატონმა გრიგოლმა თვითონ უნდა თქვას, რას გულისხმობს. მთავარი ამბავი მანდ ის არის, თვითონ პარტიის შიგნით რატომ არსებობს ამხელა გამოხმაურება, ადამიანს აქვს პოზიცია და უნდა ვიმსჯელოთ პოზიციის სისწორეზე თუ მცდარობაზე, მაგრამ ახლა ვმსჯელობთ, რატომ თქვა გრიგოლ ვაშაძემ ეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რაც ამ არჩევნების შედეგმა დაადასტურა, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ცხადია, მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.