იაგო ხვიჩია - ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას, რეალური კონფლიქტის არც არასდროს მჯეროდა და ყოველთვის სპექტაკლის ნაწილი მეგონა
იაგო ხვიჩია - ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას, რეალური კონფლიქტის არც არასდროს მჯეროდა და ყოველთვის სპექტაკლის ნაწილი მეგონა

ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას და იმას, რომ რაღაცნაირად ურთიერთობები დათბა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ კითხვის საპასუხოდ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, „პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, რის გამოც შესაძლოა, მთავრობამ საკონსტიტუციო სარჩელი გამოიტანოს. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები“.

იაგო ხვიჩიას თქმით, რეალური კონფლიქტის არც არასდროს სჯეროდა.

„ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით შერიგებას და იმას, რომ რაღაცნაირად შიგნით ურთიერთობები დათბა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, რეალური კონფლიქტის არც არასდროს მჯეროდა და ეს ყოველთვის მეგონა სპექტაკლის ნაწილი, რითაც ხდებოდა ყურადღების გადატანა უფრო მნიშვნელოვანი თემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან თემაზე – როგორიც არის საკონსტიტუციო სარჩელი „ქართული ოცნების“ ერთი გუნდის მეორე გუნდის წინააღმდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „მომავალში ხომ არ ელოდებით დაძაბულობას ამ ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის“, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ამისი მოლოდინი არ აქვს.

„რეალური დაძაბულობის შექმნას არ ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი ზურაბიშვილიც საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი, მხარდაჭერილი პრეზიდენტის პოსტზე და იქ იარსებებს ან მექანიზმი ან ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით კონფლიქტებს მოაგვარებს. მაქვს ეჭვი, ვინ შეიძლება, იყოს ეს ადამიანი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.