იაგო ხვიჩია - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის ტკივილს, ვფიქრობ, გამოძიების მუხლებზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ, მთავარი უნდა იყოს, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები
იაგო ხვიჩია - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის ტკივილს, ვფიქრობ, გამოძიების მუხლებზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ, მთავარი უნდა იყოს, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს უსამძიმრებს. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რაც ამ პროცესში მთავარია.

„ვიზიარებ ოჯახის ტკივილს და მწუხარებას, გიზიარებთ თქვენც, გარდაცვლილის კოლეგებს. ძალიან საშინელი ფაქტი მოხდა. მემგონი მუხლის კორექტირება გამოძიების პროცესში ჩვეულებრივი ამბავია. მე არ ვიცი მოტივები, რა მოტივით დაიწყეს ამ მუხლით გამოძიება. ჩემი აზრით, ჩვენ მუხლებზე არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მთავარი უნდა იყოს, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ ექსპერტიზის შესაძლო გაყალბებაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ წინასწარ ეჭვის შეტანისგან თავს შეიკავებს.

„ზოგადად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს, მაგრამ წინასწარ შევიტანო ეჭვი ადამიანების პატიოსნებაში, ექსპერტების, რომლებიც ამას აკეთებენ და გამოვაცხადო ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეებად, თავს შევიკავებდი. ყველაფერს ძალიან მალე დავინახავთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.