იაგო ხვიჩია - ვგულშემატკივრობთ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას, ხშირად ერთმანეთში ვერევით, თუ გაერთიანდება სხვა პარტიასთან, ნაკლები შანსი იარსებებს, რომ შევეშალოთ
იაგო ხვიჩია - ვგულშემატკივრობთ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას, ხშირად ერთმანეთში ვერევით, თუ გაერთიანდება სხვა პარტიასთან, ნაკლები შანსი იარსებებს, რომ შევეშალოთ

ჩვენ ვგულშემატკივრობთ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და ვაშაძის გაერთიანებას. ჩვენი, „გირჩის“ პირადი მოტივებიდან გამომდინარე. ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ვერევით და ვცდილობთ, ერთმანეთში არ ავირიოთ. ამიტომ, თუ გაერთიანდება „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სხვა პარტიასთან ნაკლები შანსი იარსებებს იმის, რომ ერთმანეთში შევეშალოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, რა გამოვა აღნიშნული გაერთიანებიდან, რთული სათქმელია.

„რა გამოვა აქედან ვერაფერს გეტყვით, ისევე როგორც სხვა გაერთიანებების შემთხვევაში ვერ გეუბნებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ჩვენს კოლეგებს რა უნდათ. როდესაც არ ვიცი რა მიზნის გარშემო ერთიანდებიან, მიჭირს დავინახო მათი პერსპექტიულობა. მთავარი პრობლემა​ მდგომარეობს იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ბირთვია, მაგრამ ბუნებაში თვითონ არ არსებობს. ანუ ბირთვი ისეთი რამეა რაც არ არსებობს, ეს ყოველთვის ხელს შეუშლის ოპოზიციურ ფლანგზე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გვინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდეს. ამ ჩამოყალიბების შემდეგ ის შეიძლება ბირთვი არ იყოს, მაგრამ ბუნებაში იარსებებს. ჩვენ მივესალმებით ისეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ბუნებაში არსებობს და არა ადამიანების წარმოსახვაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობლივ განცხადებას, იაგო ხვიჩიას თქმით, ტელედებატები კარგი ინიციატივაა.

„კარგი ინიციატივაა, მომწონს. ვუსურვებ, რომ ხელისუფლება დათანხმდეს ამ დებატებს, მაგრამ ამავდროულად მეც შევაშველებდი მსგავს ინიციატივას, რომ მოდი, აბა იქნებ ნებისმიერ არხზე, ყველა ოპოზიცია ერთად დავჯდეთ იმაზე სალაპარაკოდ, ვის რა გვინდა. ყველა ადამიანი მოვიდეს ჩამოწერილი საკითხით, რომელსაც როგორც მას წარმოუდგენია ისე გადაწყვეტდა ხელისუფლებაში როცა მოვა. სამართლიანი შეთავაზებაა, თუ ამას სთხოვ ხელისუფლებას ოპოზიციის შიგნით, სულ მცირე, შენ რა გინდა საჯაროდ და კონკრეტულად უნდა გქონდეს ნათქვამი“, – განაცხადა ხვიჩიამ.