იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, შეუძლებელია, იმაზე მეტი დავაშავო სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ვიდრე ამ ქვეყანაში ომბუდსმენებს სხვადასხვა დროს დაუშავებიათ
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, შეუძლებელია, იმაზე მეტი დავაშავო სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ვიდრე ამ ქვეყანაში ომბუდსმენებს სხვადასხვა დროს დაუშავებიათ

სახალხო დამცველობის ერთადერთი კანდიდატი, რომელზეც კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი, მე ვარ. შეიძლება, მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად, თანამშრომლობა შეძლოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მჯერა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალა, თუ სრულ მობილიზებას გააკეთებს, ყველა რესურსს ჩართავს, 90 ხმა მოაგროვოს მათთვის სასურველ კანდიდატზე, უბრალოდ, ამას დასჭირდება ოპოზიციიდან ხალხის გადაბირება. არა კონსენსუსი, არამედ ხალხის გადაბირება. ერთადერთი კანდიდატი, რომელზედაც ეს არ არის საჭირო, რომელზეც კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაც, გახლავართ მე.

მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს და ამით შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, მე ვიყო იმის გასაღები, რომ კონსენსუსი შედგეს, ისევე, როგორც შეიძლება, მე ვიყო გასაღები, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცველმა დაპირისპირების ნაცვლად, შეძლოს თანამშრომლობა. ვფიქრობ, შეუძლებელია, იმაზე მეტი დავაშავო სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ვიდრე სახალხო დამცველებს ამ ქვეყანაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად ადამიანთა უფლების დაცვის ეფექტურობის თვალსაზრისით დაუშავებიათ. მგონია, არ არსებობს პარლამენტში ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, ერთი, ორი გამონაკლისის გარდა და ადამიანი, რომელთანაც მე არ შემიძლია ისეთი ტიპის ურთიერთობა, რომ აზრი გავაგებინო, ასევე, მათი აზრი მოვისმინო და პასუხი ვუთხრა გასაგებად. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, ყველა ადამიანს, რომელიც დარბაზშია და პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.