იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, შეთანხმების იქით გზა არ არსებობს, აბა, მართლა ომს ხომ არ დავიწყებთ
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, შეთანხმების იქით გზა არ არსებობს, აბა, მართლა ომს ხომ არ დავიწყებთ

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების გარდა სხვა გზა არ არსებობს.

„ზოგადად, მგონია, რომ შეთანხმების იქით გზა არ არსებობს, უბრალოდ, როდის მიხვდებიან ამას მხარეები, ეს არის კითხვა. ჯერჯერობით მიხვედრილებს არ ჰგვანან. შესაბამისად, არ ვიცი, როდის მოხდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რაღაც შეთანხმება უნდა შედგეს, აბა, მართლა ომს ხომ არ დავიწყებთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და „გირჩის“ მოთხოვნას ბუნებრივი ბარიერით სრულად პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ მიმართულებით შეთანხმება არ არის მიღწეული.

„მზად რომ ყოფილიყვნენ ამისთვის, ახლა ხომ პარლამენტში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, ვსაუბრობთ, საუბრის დროს ერთამენთს შეურაცხყოფას არ ვაყენებთ და ერთმანეთის შინაარსს ვიგებთ, ვინ რას ამბობს, უბრალოდ, ვერ ვთანხმდებით ფიზიკურად. კი, ველაპარაკებით, მაგრამ ვერ ვთანხმდებით, მე მგონია, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია პოლიტიკაში.

ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლა გვინდა და რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ, პრობლემაა ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ჩვენთვის პარლამენტის გაკეთება, იქ რომ შევიდეთ. რასაც ისინი პარლამენტს ეძახიან, რაღაცნაირი ჯადოსნური ადგილია, რომ შეხვალ, შენი რეპუტაცია ინგრევა, ამიტომ ვცდილობდით, გამოსავალი გვეპოვა, თორემ ის კი არა, რომ ჩვენ შესვლა არ გვინდა და დესტრუქტორები ვართ ამ პროცესში, არა, ჩვენ გვინდა, იყოს პარლამენტი, რომ შევიდეთ, რაც ვერ უზრუნველყო „ქართულმა ოცნებამ“.

პარლამენტის ყოფნა რას ნიშნავს, რომ შენ ხარ იქ პარლამენტის წევრი და ისე იქცევი, როგორც პარლამენტის წევრი, მაგალითად, იქ რომ ოპოზიცია ყველა ერთად იყოს, 60 ოპოზიციონერთან ერთად მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, თუ დავინახავ, რომ ხელისუფლება ცუდად იქცევა, როგორ დავუპირისპირდე 60 ოპოზიციონერთან ერთად, მაგრამ როცა სამ ადამიანთან ერთად შევალ, მაშინ როგორ უნდა დავუპირისპირდე, როცა ხელისუფლება, როდესაც საქმეზე ვეუბნები, მოდი, ეს გაავაკეთოთ, მეუბნება, რომ შენ 3-პროცენტიანი პარტია ხარ, მე 48-იანი. ხომ სულ მომიგებს და ვისთვის შევდივარ იქ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სულ მომიგოს, რადგან 48-პროცენტიანია და დანარჩენი ოპოზიციაც ვერ მეხმარება, ვინაიდან არ არიან პარლამენტში. ამიტომ არ არის პარლამენტი, შეუძლებელია სამ-პროცენტიანი პარტიით მე რამე გავიტანო ორმოცდარვის წინააღმდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, „თქვენ აცხადებდით, რომ „გირჩი“ უახლოეს მომავალში დაასახელებდა გზას, როგორც აპირებს მოქმედებას, რომ ეს არ იქნებოდა არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ გზა, რა გულისხმობთ, რა არის თქვენი გეგმა“, – ხვიჩია პასუხობს, რომ ამ თემაზე „გირჩის“ სათათბიროში მსჯელობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა ამაზე ვსაუბრობთ „გირჩის“ სათათბიროში, ჩვენს მმართველ ორგანოში და გვინდა, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, ანუ ზოგადად, გვქონდეს სრული მხარდაჭერა, რადგან, მოგეხსენებათ, ნებისმიერი მესამე გზის გაჩენა, რაც არ უნდა იყოს, უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ შენს წინააღმდეგ იქნება, ორივე მხრიდან მიიღებ დარტყმებს. აქედან გამომდინარე, განხილვის პროცესი მიმდინარეობს, ვფიქრობთ, რომ რაღაც გარემოეებები უკეთ უნდა გვესმოდეს. ანუ, ამ წუთის მონაცემებით, ჩვენ არ ვიცით რაღაცები ჩვენ გარშემო არსებულ სიტუაციაში. არ გვაქვს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, რას აპირებენ ისინი სინამდვილეში,ზუსტად არ ვიცით ხელისუფლების გეგმები და რაღაც ინფორმაციები გვჭირდება, რომ ბოლომდე ინფორმირებულებმა გავაკეთოთ არჩევანი.

თან ველოდებით ნიკა მელიას პროცესს, რომელიც გვაჩვენებს ტენდენციებს, ხელისუფლება მიდის დაპირისპირებაზე, თუ მიდის სიტყვაზე მაინც შარლ მიშელის გეგმის ხელმოწერისკენ, ესეც მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე მანამდე ვერ გეუბნებით. ბევრი ფაქტორია ისეთი, რომელმაც შეიძლება, ამ სიტუაციაში ცვლილება გამოიწვიოს“, – განაცხდა იაგო ხვიჩიამ.