იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც ვისაუბრებდით და მეორე სხდომისთვის საკითხებს მოვამზადებდით
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც ვისაუბრებდით და მეორე სხდომისთვის საკითხებს მოვამზადებდით

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს.

მისივე შეფასებით, რიგგარეშე სესია სათანადოდ მომზადებული არ იყო, თუმცა შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც ისაუბრებდნენ და მეორე სხდომისთვის საკითხებს მოამზადებდნენ.

„ძალიან ბანალური და მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. მოგეხსენებათ, ამას წინათაც ასე ქნეს, ხალხი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. ამით „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბარზე უარს აცხადებს. მე ამ სხდომის კრიტიკოსიც ვიყავი. მგონია, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყო, მაგრამ რიგგარეშე სესია შეიძლება, გამოყენებულიყო ადგილად, სადაც საუბარს შევძლებდით და მეორე სხდომისთვის რაღაც საკითხებს მოვამზადებდით. „ქართულ ოცნებას“ ამ წუთას ეს არ უნდა, ურჩევნიათ, ერთმანეთთან ჩხუბით დაკავდნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.