იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მოლაპარაკება პოზიტიურად დასრულდება და მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში
იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მოლაპარაკება პოზიტიურად დასრულდება და მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში

გვინდოდა, დაგვერწმუნებინა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ მოლაპარაკებების საგანი ყოფილიყო პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და კონსტიტუციაშიც ეს ცვლილება შეგვეტანა, როდესაც ამის საპასუხოდ ოპოზიციისგან გარიყვა მივიღეთ, გავაგრძელეთ საუბარი ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილი იყო ფასილიტატორებთან შეხვედრაზეც.

„არჩევნების შემდეგ ჩვენი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. გვინდოდა, დაგვერწმუნებინა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ მოლაპარაკებების საგანი ეს ყოფილიყო და კონსტიტუციაშიც ეს ცვლილება შეგვეტანა. ეს მოთხოვნა წარვადგინეთ ელჩებთანაც, მოლაპარაკების მაგიდაზეც. თავიდან ოპოზიცია დაგვეთანხმა, მაგრამ ამის შემდეგ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან საუბრობდნენ მხოლოდ სამ პუნქტზე და შეგნებულად არ საუბრობდნენ ჩვენს პუნქტზე. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ გვინდოდა, რომ პრიორიტეტული ყოფილიყო ეს საკითხი. ნიკა მელიასაც ამაზე ველაპარაკებოდით. ჩვენი კონფლიქტიც ამაზე მოხდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს საკითხი იმდენად პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ გაიმარჯვოს, რევოლუციაზეც რომ გამოგყვეთ და თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში, პირველი რაც უნდა გააკეთოთ უნდა მივიღოთ ცვლილება, რომ არჩევნები ჩატარდება ყოველთვის პროპორციულად ბუნებრივი ბარიერით, რაც ნებისმიერ ადამიანს შეუშლიდა ხელს ერთპიროვნულად მოსულიყო ხელისუფლებაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების პირობაზე ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ არის არც ხელისუფლების მხრიდან.

„როდესაც ჩვენ ამის საპასუხოდ ოპოზიციისგან გარიყვა მივიღეთ გავაგრძელეთ საუბარი ხელისუფლებასთან. ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა ორივე მხარეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არ შევა პარლამენტში, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სანაცვლოდ შევთავაზეთ, რომ თქვენ დადეთ პირობა, ხოლო თუ არ გამოგვივიდა ეს, ჩვენ შევალთ პარლამენტში მიუხედავად იმისა, ვინმე შევა თუ არა საერთოდ. ამ პირობაზე ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ გვაქვს. ამიტომ მე ვრჩები, იმ აზრზე რომ მოლაპარაკების ჩაშლა უნდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრი პარლამენტის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანომ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ დღეს არ განიხილეს ჩვენი კოლეგების მანდატების შეწყვეტის საკითხი, ეს არ უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. ამიტომ, მინდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ჩვენი პარლამენტში შესვლის საკითხი უკავშირდება პროპორციულ არჩევნებს, რომელზეც ოპოზიცია თანახმა იყო და ხელისუფლებამ დაპირება გასცა“, – განაცხადა მან.

იაგო ხვიჩიას თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდება.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკება დასრულდება პოზიტიურად და მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში. ამისთვის საჭიროა, რომ მათ ისეთი მოთხოვნა დააყენონ, რომელიც სამართლიანია ფასილიტატორების თვალში. ვფიქრობ, ჩემი მოთხოვნა არგუმენტაციით იმდენად სამართლიანია, რომ ფასილიტატორების მაგიდასთან ჩვენ არ წავაგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და იქ გაგრძელდეს დისკუსია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.