იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს, შესაძლებელია თუ არა, სააკაშვილის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა
ჩემი აზრით, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს, შესაძლებელია თუ არა, პაციენტის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მეტად რომ გაუარესდეს, უნდა შეგვეძლოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ მისი სწრაფად გადაფრენა. მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა. გადაწყვეტილება საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღეს. მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.