იაგო ხვიჩია – ვამთავრებთ გაუგებრობას – „გირჩი“ სახელს იცვლის, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს
მინდა, მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ – „გირჩი“ სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით – „თავისუფალი ხალხის პარტია““, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ცვლილების მოტივია ის, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, თავისუფლების მტრებმა მიითვისეს.
„ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რომელიც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა – ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი „ლიბერალი“ და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების საშუალება არ უნდა მიგვეცა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია პარტიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.