იაგო ხვიჩია - უკრაინის განცხადებას შეიძლება, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს
იაგო ხვიჩია - უკრაინის განცხადებას შეიძლება, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს

პარტია „გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელებთან სადებატოდ თუ საკრიტიკოდ არასწორი დრო იპოვა.

მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს შემდეგ პატარ-პატარა პრობლემები, რაც საქართველოს მოსახლეობაზე აისახება.

„რაც შეხება მტკიცებულებების წარმოდგენას, ზოგადად, არ მჯერა, რომ ასეთ რაღაცებს შემთხვევით ამბობენ. ამ განცხადებას შეიძლება, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მართალია რასაც ამბობენ, დარწმუნებული ვარ, ამის მყარი და ნათელი მტკიცებულებები დაიდება. თუ ფაქტი არის, მისი მონაწილეები აუცილებლად გამოჩნდებიან უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.