იაგო ხვიჩია - უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო
იაგო ხვიჩია - უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო

ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი და ვერავის დავავალებ, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს ის, რაც არ გვჭირდება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

რაც შეეხება აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ უკრაინამ დეოლიგარქიაზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, ვენეციის კომისიაში კი აღნიშნული არ დაადასტურეს, ხვიჩიას თქმით, არ უშვებს, რომ რომელიმე გულწრფელი არ იყოს თავის ნათქვამ სიტყვებში.

„არ ვუშვებ, რომ ქალბატონი კელი ან ევროკავშირის ის თანამდებობის პირი, ვინც ეს წერილი მოიწერა, გულწრფელი არ იყოს თავის ნათქვამ სიტყვებში. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი საქმის კურსში არ არის. ამ ადამიანებს პატივს ვცემ და არ ვუშვებ, რომ ისინი იტყუებიან. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი და მე ვერავის ვერ დავავალებ, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს ის, რაც არ გვჭირდება. ზოგადად, უხერხულიც კი არის, ვიღაცამ ვენეციის კომისიაში რომ გვკითხოს, თქვენ რატომ ღებულობთ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო. ამაზე რა პასუხი უნდა გავცეთ? მე ვერაფერს ვერ გავცემდი. ეს კანონი საჭირო არ არის. პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარეები ყოველთვის აღმოაჩენ ერთმანეთის ოლიგარქებს და მოუნდებათ მათი დასჯა ან აკრძალვა, მაგრამ საკუთარი ოლიგარქები ასეთ დროს არავის ახსენდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, საქართველოში ჯერ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ, არამედ ჯერ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ.

„უკრაინის შიდა პოლიტიკურ კონიუქტურაში ისე ვერ ვერკვევი, რომ გავკადნიერდე და უკრაინელებს რჩევები მივცე, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ ე.წ მცირეთა მმართველობა არ გვაქვს. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ბევრად უფრო პრობლემურად გვაქვს საქმე. ის, რასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს ახლა, ოლიგარქობას, ეგ ოლიგარქატი რომ იყოს, ამას ბევრად უფრო დადებით მოვლენად ჩავთვლიდი. მეცოდინებოდა, რომ არა ერთის, არამედ რამდენიმე ადამიანის ინტერესი უნდა დაემთხვეს სულ მცირე ერთმანეთს და ეს არ გვაქვს. შესაბამისად, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ოლიგარქიას ვებრძვითო, სერიოზულად არ გამოიყურება. ჯერ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ, ჯერ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ. ამას ვერ გავცდით და ვებრძვით ოლიგარქიას, რომელიც შემდეგი საფეხური უნდა იყოს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად უნდა დაბრუნდეს, დეოლოგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება. ვეღარ იტყვი, რომ ადამიანი ფარულად მართავს და აქვს ფარული პოლიტიკური გავლენები. ეს გავლენები ღია იქნება და კრიტიკის ეგ ნაწილი ჩაიხსნებოდა. ეს ყველასთვის გასაგები იქნებოდა, როგორც ამ პუნქტის შესრულების ერთ-ერთი გზა“, – განაცხადა ხვიჩიამ.