იაგო ხვიჩია - უბარიერო საარჩევნო სისტემა არ აწყობთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, არც არასამთავრობო სექტორს, რომელსაც დასავლეთიდან დაფინანსების მიღება უნდა
უბარიერო საარჩევნო სისტემა პირველ რიგში, არ აწყობთ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, ამ ორკესტრს აჰყვა არასამთავრობო სექტორიც, რომელსაც დასავლეთიდან დაფინანსების მიღება უნდა, – ასე აფასებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე მათთან დაკავშირებულ ოპოზიციურ ძალებსა და გარკვეულ არასამთავრობო სექტორს უნდათ, ხალხი ისტერიკებში აიყოლიონ, თუმცა ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი სცდებიან და თუ რომელიმე საარჩევნო სისტემას არ გააჩნია ხარვეზი, ეს სწორედ გუშინ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემაზე ითქმის.
მისივე განცხადებით, ნებისმიერი სხვა ბარიერი დამყარებული იქნება არა საღ აზრზე, არამედ ვიღაცის ნებაზე. გირჩის წევრი ასევე აცხადებს, რომ რევოლუციებისა და ბელადების დრო დამთავრდა და ზუსტად ეს არ უნდათ ამ განცხადებების ავტორებს.
ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, ამ საკითხზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.